აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ფლორენციაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში 13-20 ნოემბერს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი “კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში” განხორციელდა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რომაულდო დელ ბიანკოს ფონდის, ორგანიზაცია „რონდინე”-ს, საქართველოს საპატრიარქოს, რობერტ კენედის ფონდის, ერნესტო ბალდუჩის ფონდის, აჭარის სკოლა „გორდა”-სა და სხვადახვა ქვეყნის უნივერსიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში რვა ქვეყნა იღებდა მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ აფხაზი ახალგაზრდები.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ლექციები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) წაიკითხეს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფლორენციაში ქართველების, აფხაზებისა და ჩეჩნების მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
პროექტის მე-2 ეტაპი იგეგმება საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო ინტერკულტურულ ფორუმს ითვალისწინებს.

 dsc_0179 dsc_0517 dsc_0512 dsc_0426 dsc_0348 dsc_0334 dsc_0322 dsc_0216 dsc_0523