აჭარაში აფხაზური ენის კლასები გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აჭარაში, სოფელ ფერიას საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში  აფხაზური ენის კლასები გახსნა.

„აფხაზური ენის შესწავლის მსურველი ბევრია. ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, შერეული ოჯახები და ეს ადამიანები დღეს საუბრობენ შერიგების აუცილებლობაზე, ერთად თანაცხოვრებაზე, მშვიდობაზე, იმაზე რასაც ისინი ამ სოფელში ერთად აკეთებენ და რაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩართულობით, შერიგების პოლიტიკით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით. ვფიქრობ, სწორედ ეს თაობა – ქართველი და აფხაზი მოსწავლეები, არის ის ძალა, რომელიც შეძლებს, ჩატეხილი ხიდების აღდგენას, ჩვენი ვალდებულებაა აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის დაცვა, აფხაზური ქართულთან ერთად არის სახელმწიფო ენა და მომავალში კიდევ მეტ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღნიშნულ სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

 

წყარო:  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი