დე ფაქტო რეჟიმმა გალის რაიონის საზღვარზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი (ოტობაია, ხურჩა) დაკეტა

დღეს დილით აფხაზეის სეპარატისტულმა რეჟიმმა გალის რაიონის საზღვარზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი (ოტობაია, ხურჩა) დაკეტა, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვნად აადვილებდა სყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო თუ სხვა პირადი სახის საჭიროებების მეტნაკლებად უზრუნველყოფის გზებსა თუ კომუნიკაციის საშუალებებს.

გალის რაიონის „გამგებლის“  – თემურ ნადარაიას განცხადებით„გამშვები პუნქტების გადაკეტვა მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, ეს პრეზიდენტ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბევრი ამბობდა რომ მტრულ სახელმწიფოსთან მეტი საკონტროლო გამტარი პუნქტი გვაქვს ვიდრე მეგობარ ქვეყანასთან. აქამდე არ ვკეტავდით ამ პოსტს, რადგან ადამიანები წვალობდნენ და ვერ აღწევდნენ ცენტრალურ პოსტამდე, ახლა გზები გავაკეთეთ და  ზემო ზონაში ორი პოსტი დაიხურა.“

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრმა ქეთევან   ციხელაშვილმა: – „საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების უკუქცევა.  ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ  ყველა ფორმატის გამოყენებით, რათა დავიცვათ ადამიანების უფლებები და მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობები უზრუნველვყოთ.“

გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში  იან კელიმაც – „ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არავითარ  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ათასობით ადამიანს დააზარალებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ფენას, ხანდაზმულებს, ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში წასასვლელად 50 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ.“

ენგურის ხიდი დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან კავშირის ერთადერთი გამშვები პუნქტია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება მდ. ენგურზე გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით

ქეთევან ციხელაშვილი ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება